ყარაბაღის კონფლიქტი

ირანის თავდაცვის მინისტრი ყარაბაღზე: არ დავუშვებთ რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს

ირანის თავდაცვის მინისტრი მოჰამედ-რეზა აშტიანი
Tasnimnews.com

ირანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ მოჰამედ-რეზა აშტიანის განცხადებით რეგიონში ომი არ იქნება. გენერლის სიტყვებს ირანული მედია Irna ავრცელებს.

"შეიარაღებული ძალების შტაბში ბოლო დროს გამართული თათბირების შემდეგ ჩვენი პოზიცია უცვლელია: მიუღებელია რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებები. ტენდენცია, რომელსაც ახლა ვიკვლევთ გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებული არაფერი მოხდება. მიუხედავად ამისა ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ წვრთნებს მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ტერიტორიაზე". – ამბობს აშტიანი.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ირანმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო კომისია უნდა შექმნას, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობისა და რეგიონში მშვიდობის საკითხები განიხილება.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა.

სექტემბერში მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხური მოსახლეობის ცნობით, აზერბაიჯანმა დაუშვა ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შეშვება ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანულ ძალებს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა ბლოკირებული აქვს.

კომენტარები