ირაკლი ღარიბაშვილი

ღვინის ეროვნული სააგენტო: შპს ქართულ ფესვებს 1 სექტემბერს ხელშეკრულება გაუუქმდა

ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებით გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ შპს ქართულ ფესვებს "არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება".

ზურა ჯაფარიძემ 12 სექტემბერს დაწერა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ში შემავალმა შპს მოსავლის მართვის კომპანიამ 29 აგვისტოს შპს ქართულ ფესვებთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება გააფორმა და წლის ბოლომდე ყურძნის გადამუშავებაში 150 000 ლარს გადაუხდიან.

შპს ქართული ფესვების 50%-ს ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი ფლობს.

ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შპს ქართულ ფესვებთან 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა კომპანიის ჩართვა ყურძნის შესყიდვის პროცესში საჭირო აღარ გახდა და 1 სექტემბერს ხელშეკრულება გაუქმდა.

"რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.

როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს ქართულ ფესვებს 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო ქართული ფესვების ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება". - წერს სააგენტო.

12 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.

კომენტარები