ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მმართველი გუნდის მიერ ფორმალური რეაგირება უწოდა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ეს წმინდად სამართლებრივი საკითხია. ჩვენ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც, პირველ რიგში, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს. ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტი და ზოგადად, ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე, მისი პატივისცემის. შესაბამისად, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, ეს წმინდად სამართლებრივი საკითხია, რაზეც ჩვენ, მმართველმა პარტიამ ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. იქვე განვმარტეთ, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ფორმალურად მოხდეს - ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს და ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს. ვალდებული და იძულებული ვიყავით, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს". - თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილს 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უარი უთხრა. ქართული ოცნების განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.





