ევროკავშირი-საქართველო

ბორელი: კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

საქართველოში ვიზიტის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელმა Civil.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

ინტერვიუში ბორელი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი და საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა. 

 კანდიდატის სტატუსი

ბორელმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში ევროკომისიის მიერ წარდგენილი ფართო ანგარიში საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ იქნება ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები გადაწყვეტილებას მიიღებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

"შედეგი სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე. მე ვერ ვიწინასწარმეტყევლებ, რა შეიძლება ეწეროს შემოდგომის ანგარიშში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ბევრ მუშაობას მოითხოვს და 12-ვე პუნქტის შესრულება ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია". – ამბობს ბორელი.

ბორელმა ისიც თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება უკანასკნელ პერიოდში აღარ არის მხოლოდ ოცნება და ის დღესდღეობით რეალობასთან უფრო და უფრო ახლოსაა, თუმცა, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ექნება სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი, მოუწევს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება. 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას  ბორელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სტაბილური ინსტიტუტების არსებობის მნიშვნელობაზე, რაც უნდა იყოს მყარი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გარანტორი.

"ერთიანობა ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს მიერ გაწეული შრომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გრძელვადიანად მდგრადი, თუ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება რეფორმების გასატარებლად". – თქვა ბორელმა.

საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირთან

ბორელი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, რაც წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსთან. კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას. 

ბორელმა თქვა, რომ საქართველოს პრეროგატივაა, გააღრმავოს ურთიერთობები უცხო სახელმწიფოებთან, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი სტრატეგიული თანამშრომლობები წინააღმდეგობაში არ იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან.

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გარკვევით თქვა, რომ სამწუხაროა საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და სანქცირებული პირებისთვის საქართველოში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. 

"როგორც ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. შარშან, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი უკვე დაბალი - 44% იყო, ამ მომენტში ეს მაჩვენებელი 43%-მდეა შემცირებული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, ვინაიდან ჩვენი საგარეო პოლიტიკა კონსენსუსის შედეგად იმართება. 43%-იანი დაბალი შესაბამისობით, საქართველო აჩვენებს, რომ მას აქვს პოტენციალი, ზიანი მიაყენოს ამ კონსენსუსს. ეს არ არის ის, რასაც წევრი სახელმწიფოები მარტივად მიიღებენ". - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველის 7-8 სექტემბერს ეწვევა

ჯოხეფ ბორელი საქართველოში ყოფნისას შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერმინისტრთან ერთად ის საერთო პრესკონფერენციას გამართავს.

ამასთან ერთად, დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, ჯოზეფ ბორელი მონაწილეობას მიიღებს EUMM-ის მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

კომენტარები