ბუნებრივი სტიქია

საბერძნეთში, თურქეთსა და ბულგარეთში კოკისპირულ წვიმებს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

Thanassis Kalliaras/Eurokinissi via Reuters

საბერძნეთში, თურქეთსა და ბულგარეთში კოკისპირული წვიმების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, ბულგარეთის საზღვართან, კირკლარელის პროვინციაში დამატებით 4 ადამიანი იძებნება. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო 4 ადამიანი კვლავ იძებნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ კირკლარელის, ანკარას, ბურსას, საკარიას, სტამბოლისა და თეკირდაგის მასშტაბით სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 203 ადამიანი, 1 თვითმფრინავი, 2 შველმფრენი და 52 ავტომობილი. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება დატბორილი სტამბოლის ვიდეოები.

სტამბოლში, ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. სტამბოლის გუბერნატორის განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი ბიბლიოთეკის შენობაში გამოკეტილი ათამდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

საბერძნეთში სტიქიის შედეგად ამ დროისთვის ცნობილია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, ხოლო ხუთი ადამიანი კვლავ იძებნება. 

ბულგარეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლაი დენკოვის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროს დატბორვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიკარგა. 

ბულგარეთში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეების ადიდებამ სერიოზულად დააზიანა საავტომობილო გზები და ხიდები. ასევე, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ონკანის წყალი არ დალიონ მოწამვლის მაღალი რისკის გამო.

კომენტარები