რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი პილოტი, რომელიც ვერტმფრენით უკრაინელებს ჩაბარდა, $500 000-ს მიიღებს

Украинская правда

უკრაინაში გადასული რუსული ვერტმფრენის МИ-8-ის პილოტი, 28 წლის მაქსიმ კუზმინოვი $500 000-ით დაჯილდოვდება. 

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა გაავრცელა.

"რა თქმა უნდა, ეროვნულ ვალუტაში [გრივნაში]. არსებობს ოფიციალური კანონმდებლობა, შესაბამისი კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის აპრილში, შესაბამისი კომპენსაციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უკრაინის მხარეს შეიარაღებასთან ერთად გადადის.

უკრაინა არის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ასევე ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო კანონს (ვიცავთ). ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ რუსებს, რომლებსაც არ სურთ ომის დამნაშავეები გახდნენ, გთხოვთ, დანებდეთ, გადადით უკრაინის მხარეს და დაიცავით საკუთარი პატივი და სინდისი, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ". – თქვა იუსოვმა. 

უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული МИ-8-ის ტიპის თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით ორი კვირის წინ შეიტყუა. სპეციალური ოპერაცია, რომელსაც უკრაინული სამხედრო დაზვერვა 6 თვის განმავლობაში ატარებდა, რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა. ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. 

ეკიპაჟში პილოტთან ერთად ორი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რეალურად სად მიფრინავდა ვერტმფრენი. სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. გადაბირებული პილოტი უკრაინაში დარჩა, სადაც მისი ოჯახის წევრები უკვე გადაყვანილები არიან.

უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა МИ-8 ტიპის ვერტმფრენიც გადასაზიდ ტვირთთან ერთად. 

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დოკუმენტური ფილმი ჩამოგდებული რუსი მფრინავები გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინელი მზვერავების რამდენიმე სპეცოპერაციაა აღწერილი. ფილმში ნაჩვენებია რუსი პილოტი, რომელმაც აგვისტოში რუსული ვერტმფრენით უკრაინელებს ჩაბარდა.

ფილმის ერთ-ერთი გმირია თავად პილოტიც, 28 წლის კაპიტანი მაქსიმ კუზმინი, რომელიც ამბავს ასე იხსენებს:

"მე უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს დავუკავშირდი. ისინი უსაფრთხოებას, ახალ საბუთებს და ფულად კომპენსაციას დამპირდნენ. დავთანხმდი და გადავფრინდი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ არანაირი ფაშისტები არ არიან. საწყენია რაც ხდება. რაც ახლა ხდება უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია. ჩემი საქციელის საფუძველი არის ის, რომ არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია". – ამბობს კუზმინი.

კომენტარები