ირანი

IAEA-ს კონფიდენციალური ანგარიშის მიხედვით, ირანმა ურანის გამდიდრების ტემპი შეანელა – AP

AP Photo/Heinz-Peter Bader, File

The Associated Press-ი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ურანის გამდიდრების ტემპი შეანელა.

ანგარიში მოსდევს გავრცელებულ ცნობას, რომ ირანსა და აშშ-ს შორის პატიმრების გაცვლასა და სამხრეთ კორეაში ირანის მილიარდობით დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

AP-ის მიხედვით,  IAEA-ი ანგარიშში წერს, რომ ირანს 121.6 კილოგრამი ურანი აქვს 60%-მდე გამდიდრებული, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის შემდეგ გამდიდრებული ურანის მარაგები ყველაზე ნელი ტემპით იზრდება. მაისის ანგარიშის მიხედვით ირანს მარაგში 60%-მდე გამდიდრებული ურანის 114 კილოგრამი ჰქონდა, ხოლო თებერვალში 87.5.

ბირთვული იარაღისთვის ურანის 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 60%-მდე გამდიდრებული ურანის ამ დონემდე გამდიდრება მხოლოდ მოკლე, ტექნიკური ნაბიჯია.

თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვისაა და იარაღის შექმნას არ ემსახურება, თუმცა, IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 2023 წლის იანვარში თქვა, რომ ირანს, "რამდემნიმე" ატომური ბომბისთვის სამყოფი გამდიდრებული ურანი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ მათ შექმნას გადაწყვეტს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ იარაღის შექმნის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ირანს ბომბების გასავითარებლად თვეები დასჭირდება.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ირანი ატომურ იარაღს ვერ შექმნიდა, მსოფლიოს ქვეყნებმა 2015 წელს თეირანთან ბირთვული შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ გამდიდრებული ურანის რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდა, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს კი ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგი დაევალათ.

2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-მ შეთანხმება დატოვა. 2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება.

კომენტარები