პუტინის რუსეთი

კარა-მურზას ცოლი: იზოლატორიდან გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს

ვლადიმირ კარა-მურზას ცოლის თქმით რუსი ოპოზიციონერი იზოლატორიდან გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. ინფორმაციას ევგენია კარა-მურზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვოლოდია სხვაგან გადაიყვანეს. სრულიად საიდუმლოდ, გაურკვეველი მიმართულებით და თანაც დაბადების დღის წინ, რომ ღმერთმა არ ქნას და ამ დღეს მთელი მსოფლიოდან არ მიიღოს მხარდაჭერის სიტყვები. ეტაპირება პოლიტპატიმრის ცხოვრებაში ძალიან, შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე და საშიში პერიოდია". – წერს ევგენია კარა-მურზა.

ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით სასამართლომ ოპოზიციონერს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კომენტარები