ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: თელავში ახალი, თანამედროვე აეროპორტი აშენდება

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქალაქ თელავში ახალი, თანამედროვე აეროპორტი აშენდება. პრემიერის განცხადებით, მათ სურთ, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს.

"მოგეხსენებათ, რომ ქალაქ თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილას ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და ახალი აეროპორტი ავაშენოთ - შეიქმნას ახალი, თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი, დაახლოებით, 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს. ეს პროექტი 25-30 მილიონი ლარი დაჯდება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 700 მეტრამდე დაგრძელდება. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. ზოგადად, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები [...] როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს შეეძლებათ, რომ კომფორტულად იფრინონ ბათუმის, მესტიის, ამბროლაურისა და ქუთაისის მიმართულებით. შიდა რეისების განვითარება აუცილებელია". - თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისში, მთავრობის სხდომაზე თბილისთან ახალი აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურთ, ქვეყანა "რეგიონში საავიაციო ჰაბი" გახდეს და ამ მიზნით ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია შეირჩა. მისივე თქმით, ამჟამად პროექტის შესწავლა მიმდინარეობს.

15 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ თბილისის აეროპორტისთვის ახალ ლოკაციას სწავლობენ. მისი თქმით, თბილისის არსებული აეროპორტი "გრძელვადიან ამოცანებს" ვერ უპასუხებს. ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი".

დავითაშვილის თქმით, კომპანია TAV-თან ხელშეკრულებები თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წელს სრულდება, რის შემდეგაც, "ოპერატორი კომპანია იქნება TAV-ი ან სხვა, რომელიც შეირჩევა ღია კონკურენციის პირობებში".

კომენტარები