ეკვადორი

ეკვადორის ციხეებში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ათობით ოფიცერი გაათავისუფლეს

პატიმრები ტურის ციხის სახურავზე კუენკაში, ეკვადორი, 2023 წლის 31 აგვისტო.
Xavier Caivinagua/AP

ეკვადორის მთავრობის მიერ ციხეებზე მეტი კონტროლის დასამყარებლად ერთ-ერთ დაწესებულებაში ჩატარებული ოპერაციის პასუხად, ქვეყნის ექვს სხვადასხვა ციხეში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი უსაფრთხოების 50 თანამშრომელი და პოლიციის 7 ოფიცერი გაათავისუფლეს.

ეკვადორის პენიტენციური სამსახურის (SNAI) თქმით, პატიმრების პროტესტი 31 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა უსაფრთხოების 2 200 თანამშრომლის ჩართულობით ქვეყნის დედაქალაქ კიტოს სამხრეთით მდებარე ქალაქ ლატაკუნგას ციხეში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.

X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ოპერაციით საპატიმრო დაწესებულებაში "იარაღზე, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებლებზე კონტროლის" მოპოვებას ცდილობდნენ.

ეკვადორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატიმრებმა და მათმა მოკავშირეებმა ოპერაციას მძევლების აყვანით უპასუხეს და SNAI-ს კიტოში მდებარე შენობებთან, რომელთაგან ერთს პენიტენციური სამსახური აღარ იყენებს, განათავსეს ორი მანქანა, რომლებშიც ბომბები იყო დამონტაჟებული.

SNAI-ს მიერ 2 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კოორდინირებული ოპერაციის" შედეგად ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს ამ ზაფხულს პატიმრების მიერ მძევლების აყვანის პირველი შემთხვევა არ არის. პენიტენციურმა სამსახურმა ივლისშიც გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარმატებული ოპერაციის შედეგად, 106 ოფიცერი გაათავისუფლეს.

კომენტარები