საქართველო-ევროკავშირი

მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის მონდომება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლაში

ევროპული საბჭო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საინფორმაციო ცნობაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მოვლენების განვითარება და რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგები განიხილეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოსთვის  ევროპული პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გასაშვები არაა.

როგორც გავრცელებულ ცნობაში წერია, მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება, დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს მნიშვნელოვანი რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციისა და მედია პლურალიზმის მიმართულებით. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის შექმნა ასევე პრიორიტეტულია.

პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის მონდომება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დაფასდა მისი ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგისადმი პოლიტიკური ფოკუსი და როლი სასამართლოს მიმართ, ადამიანთა შეწყალების უფლების გამოყენების გამო.

მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

კომენტარები