Imagine Dragons

"ორგანიზატორების მოთხოვნაა" – მსმენელებს IMAGINE DRAGONS-ის კონცერტზე დროშები ჩამოართვეს

31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართა. 

სოციალურ ქსელებში რამდენიმე მომხმარებელი წერს, რომ სტადიონზე დაცვის თანამშრომლებმა მსმენელებს დროშები არ შეატანინეს.

"ყველამ კარგად წაიკითხეთ და გაავრცელეთ, დაცვის სამსახური #AlphaGreenSecurityService, რომელიც Imagine Dragons კონცერტის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მოვიდა ჩემთან და მოითხოვა უკრაინის დროშის შენახვა, დამალვა და საერთოდ არ გამოჩენა. მიზეზი: გაურკვეველი აკრძალვა და ორგანიზატორების მოთხოვნა. ამავდროულად მოგახსენებთ რომ ქართული დროშებიც ჩამოართვეს შესასვლელში. ყველამ ვიცით Dan & Imagine Dragons ვის და როგორ უჭერს მხარს". – წერს კრისტინა ჯახუა სოციალურ ქსელში.

"Imagine Dragons-ის კონცერტზე შესვლისას შევეჩეხე. ჩანთებს რომ ჩხრეკენ შესასვლელში, საქართველოს ეროვნული დროშა მედო, არ შეიძლებაო და ჩამორთმევის მცდელობა ჰქონდათ. რომ ვკითხე მიზეზი, პასუხი იყო "ანუ არ შეიძლება დროშა". სად წერია თქო და ეგრე ყველას თავისი დროშით მოუნდება შემოსვლაო.

საქართველოში ვართ, მაქვს ეროვნული დროშა. არანაირი პოლიტიკური ან რელიგიური სიმბოლო, რომელმაც შეიძლება ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას". – წერს ნათი ხვადაგიანი სოციალურ ქსელში.

Imagine Dragons ტრადიციულად თავის კონცერტებზე უკრაინის ან LGBT დროშას შლის, როგორც წესი დროშას ბენდის წევრებს მსმენელები აწვდიან. თბილისში გამართულ კონცერტზე ბენდმა არც ერთი დროშა არ გაშალა. 

ამ ეტაპზე ღონისძიების ორგანიზატორ კომპანია Starring Georgia-ს განცხადება არ გაუკეთებია.


საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, ბრუნო მარსი და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

კომენტარები