საგამოძიებო სამსახური

მოქალაქეს დაემუქრა, ცოლს სცემდა – 4 სამართალდამცველი პასუხისგებაში მისცეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში თბილისსა და აჭარაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

1. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ. 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც ცოლს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მას შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში ამხილეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება.

4. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ - გამოძიების ცნობიღ, მან 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს  არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები