სამარხი

შიდა ქართლში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგი, გოგი მინდიაშვილი ამბობს, ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან შიდა ქართლში ამის მსგავსი და ასეთი მასშტაბის სამარხი აქამდე არ აღმოუჩენიათ.

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ტომის წარჩინებული წევრის სამარხი უნდა იყოს, რომელსაც არაერთი რამ ჩააყოლეს.

"შიდა ქართლში ეს, პრაქტიკულად, უნიკალური შემთხვევა. აქამდე, შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის, შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი შესწავლილი არ არის. 2 ხარი და ოთხთვალა საზიდარია ჩატანებული. ასე ვეძახით, ეს დასაკრძალი ეტლია, რომლის დანიშნულებაც ამ ტომის წარჩინებული წევრის საიქიოში მოგზაურობაა. როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად არის გამზადებული ჭურჭელი, რომლებშიც მოთავსებული იყო ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი პროდუქტები. ხარის გარდა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით. ასევე, აქვე არის ამ ურმის ნაშთები. ბორბლები ნახშირის სახით არის შემორჩენილი [...] ვფიქრობთ, ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ტომის ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს. 

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოგვცემს ამათი აღდგენა. იმიტომ, რომ ამის აღდგენის გარეშე, ძალიან ძნელია, რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, თუმცა, შიდა ქართლში ამის მსგავსი, ასეთი მასშტაბისა და დონის სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის". - ამბობს გოგი მინდიაშვილი, რომელიც ამ გათხრების ხელმძღვანელია.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, ეს აღნიშნული უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტია.

კომენტარები