საფრანგეთი

საფრანგეთის სახელმწიფო სკოლებში ისლამური სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება

LUDOVIC MARIN, AFP

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, გაბრიელ ატალმა თქვა, რომ საფრანგეთის სკოლებში ისლამურ სამოს აბაიას ტარება აიკრძალება

აბაია გრძელი, ფართო სტილის კაბაა, რომელსაც ქალები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ატარებენ და მუსლიმანური კულტურის იდენტობის სიმბოლოდ არის აღქმული.

"რესპუბლიკის სკოლა ძლიერ ღირებულებებზე აშენდა, სეკულარიზმი ერთ-ერთი მათგანია… როდესაც შედიხართ კლასში, თქვენ არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეთა რელიგიის იდენტიფიცირება". -  ახსნა ატალმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან საუბრისას.

ატალის თქმით, ახალი "მკაფიო ეროვნული წესების" შესამუშავებლად და დასანერგად უახლოეს კვირებში სკოლებთან  მოლაპარაკებები იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი კანონმდებლობაში რელიგიური ჩაცმულობის შესახებ აკრძალვის შეტანას ითხოვდა, პირველ ეტაპზე მთავრობა სახელმწიფო სკოლის ხელმძღვანელობებისთვის მითითებების მიცემით შემოიფარგლება.

აბაიების შეზღუდვა ფრანგულ სკოლებში ისლამური ტანსაცმლით შემოსილი გოგონების რაოდენობის ზრდას უკავშირდება, რაც საზოგადოების ნაწილის აზრით, ქვეყნის სეკულარული ღირებულებების დარღვევაა.

ივლისში ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი იაელ ბრაუნ-პივეტი, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის წევრია, "სრულიად სეკულარული სახელმწიფო სკოლის" შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც "არც რამადანი, არც აბაია და არც აშკარა რელიგიური ნიშნები" არ იქნებოდა. საგანმანათლებლო სივრცეში რელიგიისადმი მიდგომა ბევრად ფრთხილი გახდა მას შემდეგაც, რაც 2020 წელს წარმომავლობით ჩეჩენმა მოსწავლემ ფრანგ მასწავლებელს, რომელმაც კლასში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოიყენა, თავი მოკვეთა. 

2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და ისლამური თავსაბურავები აკრძალა. აკრძალული რელიგიური ნიშნების ჩამონათვალში ამ დრომდე აბაია არ შედიოდა.

კომენტარები