აშშ-რუსეთი

რუსეთის მტკიცებით, შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს გზა გადაუჭრეს

MQ-9A Reaper
General Atomics

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნულ სამმართველოში ირწმუნებიან, რომ 27 აგვისტოს შავი ზღვის თავზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების Q-9A Reaper-ის ტიპის უპილიტო საფრენ აპარატს Су-30-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით გზა გადაუჭრეს.

რუსული უწყების მტკიცებით, ამერიკული დრონი რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიფრინავდა.

"რათა არ დარღვეულიყო სახელმწიფო საზღვარი, ჰაერში აფრინდა გამანადგურებელი Су-30". – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მტკიცებით, ავიაგამანადგურებლის მიახლოების შემდეგ, უპილოტო აპარატმა კურსი იცვალა და საზღვრის საპირისპირო მხარეს გაფრინდა.

ამას გარდა, გასულ დღეს სირიაში ე.წ. დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ვადიმ კულიტი ირწმუნებოდა, რომ რუსულ Су-35-ს აშშ-ს კოალიციის დრონი MQ-9 "სახიფათო მანძილზე" მიუახლოვდა. როგორც რუსული მხარე ამბობდა, მათი თვითმფრინავი ფრენას სირიის სამხრეთ საზღვართან ასრულებდა.

შავი ზღვის თავზე მსგავსი შემთხვევის შესახებ რუსული მხარე ინფორმაციას აგვისტოს დასაწყისშიც ავრცელებდა.

14 მარტს შავი ზღვის თავზე რუსულმა ავიაგამანადგურებელმა საწვავის შესხმით მწყობრიდან გამოიყვანა ამერიკული MQ-9 ტიპის დრონი, რომელიც შედეგად წყალში ჩავარდა.

კომენტარები