ევგენი პრიგოჟინი

ვინ იყვნენ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში პრიგოჟინისა და უტკინის გარდა

ვაგნერელი პატივს მიაგებს ევგენი პრიგოჟინსა და დმიტრი უტკინს. ნოვოსიბირსკი, 2023 წლის  24 აგვისტო.
Vladimir Nikolayev/AFP/Getty Images

23 აგვისტოს ტვერის ოლქში კსკ ვაგნერის დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. როსავიაციის მიერ გამოქვეყნებულ მგზავრთა სიაში შედიოდა თავად პრიგოჟინიც, თუმცა ოლიგარქის სიკვდილი ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა. სიაში იყო ვაგნერის სამხედრო მეთაურიც, დმიტრი უტკინი, რომლის ზედმეტსახელსაც ჯგუფი ატარებს. დანარჩენ 8 მგზავრზე BBC-ის რუსულმა სამსახურმა და ცენტრმა დოსიემ ინფორმაცია შეაგროვეს.

ვალერი ჩეკალოვი

ვალერი ჩეკალოვი სანქტ-პეტერბურგში უძღვებოდა კომპანიას, რომელსაც კავშირი ჰქონდა პრიგოჟინთან. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, ჩეკალოვის ნაცნობებს მისი ნომერი ჩაწერილი ჰქონდათ, როგორც "ვალერი ევგენევიჩ სირია" (რაც შესაძლოა მიუთითებდეს ვაგნერის სირიაში აქტიურობასთან კავშირზე), "ვალერი ჩეკალოვ კონკორდ არმია" (კონკორდი პრიგოჟინის კომპანიის სახელი იყო), "პრიგოჟინის ვალერი ჩეკალოვი". 2011 წლიდან 2018 წლამდე ჩეკალოვი ხელმძღვანელობდა კოლექტივ-სერვისს. 2012 წელს ამ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა არმიის საკვები პროდუქტით მომარაგების კონტრაქტი. ამავე დროს სევასტოპოლში, სადაც შავი ზღვის ფლოტი იყო განთავსებული, სამხედრო სასადილოში დაარეგისტრირა საკუთარი სტრუქტურა.

ჩეკალოვი ასევე ხელმძღვანელობდა 2014 წელს შექმნილ კომპანია ნევას, რომელიც კომპანია ევრო პოლისის შვილობილი იყო. როგორც გამოცემა Фонтанка წერდა, 2016 წლის დეკემბერში ევრო პოლისმა ხელი მოაწერა მემორანდუმს სირიის მთავრობასთან. ხუთი წლის განმავლობაში მას ნავთობკომპანიებზე კონტროლი უნდა აღედგინა და დაეცვა ისინი. ამის სანაცვლოდ მოპოვებული ნავთობისა და გაზის 25%-ს მიიღებდნენ.

ევგენი მაკარიანი

ევგენი მაკარიანი, რომელიც მაგნიტოგორსკიდანაა, ყოფილი უბნის ინსპექტორი იყო. როგორც ცენტრი დოსიე წერდა, კსკ ვაგნერში მაკარიანი 2016 წლის მარტში მივიდა. ის ჯგუფის მეოთხე მოიერიშე დანაყოფში, სირიაში მსახურობდა. ის აქ დაიჭრა. BBC მას პრიგოჟინის დაცვად მოიხსენიებს.

სერგეი პროპუსტინი 

სერგეი პროპუსტინის მონაცემები შესულია უკრაინის პროექტ Миротворец-ში, სადაც ჩამოთვლილი არიან რუსი სამხედროები და ომის დამნაშავეები. ამ მონაცემთა ბაზაში პროპუსტინი შესულია როგორც კსკ ვაგნერის მებრძოლი და მზვერავ-მეყუმბარმტყორცნე. ცენტრი დოსიეს მონაცემებით, მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის მეორე ომში. ვაგნერში 2015 წელს გაწევრიანდა, იბრძოდა ჯგუფის მეორე მზვერავ-მოიერიშეთა დანაყოფის რიგებში, საიდანაც შემდეგ პრიგოჟინის მრავალი პირადი მცველი აირჩიეს. BBC მასაც ვაგნერის დამფუძნებლსი მცველად მოიხსენიებს.

ალექსანდრ ტოტმინი

ალექსანდრ ტოტმინიც იძებნება Миротворец-ის მონაცემთა ბაზაში. უცნობია რომელ წელს დაიწყო პრიგოჟინთან მუშაობა, მაგრამ 2022 წელს პეტერბურგში ცხოვრობდა. ნაცნობებს მისი ნომერი აქვთ ჩაწერილი, როგორც: 'სანია სამუშაო კსკ", "ტოტმინ სანია კანტორა პიტერი" (პეტერბურგი) და "ალექსანდრ W". 2012 წლის აგვისტოში ალტაის სასამართლომ მას მიუსაჯა 300-საათიანი სამუშაო ელექტროხერხის მოპარვის გამო, 2014 წელს კი მანქანის გატაცების გამო 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიკოლაი მატუსეევი

ცენტრი დოსიე ვარაუდობს, რომ ეს არის ნიკოლაი მატუსევიჩი, რომელიც ვაგნერში 2017 წლის იანვრიდან მსახურობდა. ის იყო მსროლელი სირიაში მებრძოლ მეოთხე მოიერიშე დანაყოფში.

რუსტამ კარიმოვი

29 წლის რუსტამ კარიმოვი, ერთ-ერთი პილოტი. ცოლთან ერთად ცხოვრობდა პერმში. 2014 წელს რიაზანის ოლქში დაასრულა სასოვის საზაფხულო სასწავლებელი. კარიმოვის მამის სიტყვების მიხედვით, მისი შვილი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწების შემდეგ უმუშევარი დარჩა, ხოლო კომპანია МНТ-Аэро-ში, რომელსაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა, მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა.

ალექსეი ლევშინი

თვითმფრინავის მეთაური. მისმა შვილმა, ანასტასიამ მედია РБК-სთან თქვა, რომ ლევშინი პრიგოჟინთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. სამუშაოზე კონკრეტული წვრილმანები არ უხსენებია. BBC წერს, რომ 2018 წელს ლევშინი ტელეარხ Вести Новосибирск-ის სიუჟეტის გმირი იყო. სიუჟეტი შეეხებოდა სამხედრო პილოტთა ავიაშოუს. სიუჟეტში მას Су-34-ის პილოტად მოიხსენიებდნენ.

კრისტინა რასპოპოვა

კრისტინა რასპოპოვა 39 წლის ბორტგამცილებელი იყო. დაიბადა ყაზახეთში. 74.ru-ს მონაცემებით, მისი უმცროსი ძმა ჩელიაბინსკის ოლქში მდებარე ქალაქ ემანჟელინსკის პროკურორის მოადგილე არის. რასპოპოვა სწავლობდა მოსკოვის ფინანსურ-იურიდიულ უნივერსიტეტში, გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა ეკატერინბურგში, შემდეგ მოსკოვში გადავიდა. რუსული ტელეგრამ-არხი BAZA წერდა, რომ МНТ-Аэро-ში მუშაობის დაწყების შემდეგ მოსკოვიდან პეტერბურგში გადავიდა. მისი სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ ის ბევრს მოგზაურობდა. ფოტოებს აქვეყნებდა იამაიკიდან, სინგაპურიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. აქამდე რასპოპოვა დაფრინავდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსგავსი Embraer Legacy-ით, საბორტო ნომრით RA-02857, რომელიც მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში იდგა, სადაც რასპოპოვა ხშირად მიდიოდა. BAZA წერდა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აფრენამდე, მათი რეისის მიწიდან აშვება რაღაც მიზეზების გამო შეფერხდა.

კომენტარები