ჩინეთი-ინდოეთი

BRICS-ის სამიტის მიმდინარეობისას სი ძინფინგისა და ნარენდრა მოდის შეხვედრა გაიმართა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა და ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში გამართულ BRICS-ის სამიტზე, 2023 წლის 24 აგვისტო.
BRICS/Anadolu Agency/Getty Images

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვინაი კვატრამ 24 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი სადავო საზღვართან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ფარგლებში იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტის მიმდინარეობისას ერთმანეთს შეხვდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან, სის და მოდის შეხვედრა სამიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

"მოდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაზღვრო რაიონებში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, LAC-ის (დე ფაქტო საზღვრის) დაცვა და პატივისცემა ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებელია". - თქვა კვატრამ.

25 აგვისტოს შეხვედრას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ოფიციალური პეკინის თქმით, შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა სხვა საკითხებთან დაკავშირებულ მოსაზრებებთან ერთად, ჩინეთ-ინდოეთის მიმდინარე ურთიერთობებზე გულწრფელი და სიღრმისეული აზრები გაცვალეს.

"პრეზიდენტმა სიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ორი ქვეყნისა და ხალხის საერთო ინტერესებს ემსახურება. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს მათი ორმხრივი ურთიერთობების საერთო ინტერესები და სასაზღვრო საკითხი სათანადოდ მოაგვარონ, რათა სასაზღვრო რეგიონში მშვიდობა ერთობლივად დაიცვან". - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 3 წლის წინ, აქსაი ჩინ-ლადახში სასიკვდილო შეტაკების შემდეგ დაიძაბა.

ჰიმალაის მთებზე გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთი დიდი ხანია ნიუ დელისა და პეკინს შორის უთანხმოების საგანია. 1962 წელს დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელიც ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა. კონფლიქტის შემდეგ დადგენილმა დე ფაქტო საზღვარმა, რომელსაც არსებული კონტროლის ხაზი (LAC) ეწოდება, დაძაბულობა ვერ განმუხტა.

კომენტარები