ბავშვები და სათამაშოები

Lego დაქვეითებული მხვედველობის მქონეთათვის ბრაილის შრიფტით კოდირებულ კომპლექტებს გამოუშვებს

Lego

სათამაშოების მწარმოებელი დანიური კომპანია, Lego უსინათლო და დაქვეითებული მხედველობის მქონე ბავშვებისთვის ბრაილის შრიფტით კოდირებული ნაწილაკების ასაწყობ კომპლექტებს გამოუშვებს

2023 წლის სექტემბრიდან მსურველებს შეეძლებათ ასაწყობი კომპლექტის შეძენა, რომლისთვის საჭირო ინსტრუქციასა და ასაწყობ ნაწილაკებს ბრაილის შრიფტის შესაბამისი რიცხვები და ასოები ექნება დატანილი.

Lego-ს თქმით, ეს ინოვაცია არის მცდელობა, რათა მისი პროდუქცია უფრო ინკლუზიური გახდეს.

ევროპის უსინათლოთა კავშირი (EBU) ამბობს, რომ ბრაილის შრიფტის ცოდნა დაქვეითებული მხედველობის მქონეების მართლწერის, კითხვისა და წერის უნარებს აუმჯობესებს, რაც, მათივე, თქმით, განათლების მაღალ დონეს და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.

Lego მიზნად ისახავს ბავშვებს ბრაილის შრიფტი მათთვის მისაღები გზით შეასწავლოს და თამაშის პარალელურად გონებრივ განვითარებაში დაეხმაროს. გარდა ამისა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს შრიფტის შესწავლას გაუმარტივებს, ხოლო ოჯახურ აქტივობებს მეტად ერთიანსა და სასიამოვნოს გახდის. ეს კი, ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ასაწყობი კომპლექტები ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი და მათი შეძენა ექვს ინგლისურენოვან ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში, ასევე ხუთ ფრანგულენოვან ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, კანადასა და შვეიცარიაში. იტალიური, გერმანული და ესპანური ვერსიები, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა.

კომენტარები