ფუკუშიმას ელექტროსადგური ამოქმედდა

ფუკუშიმას ელექტროსადგურის გამო ჩინეთი იაპონიიდან ზღვის პროდუქტის იმპორტს წყვეტს

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური ყოველდღიურად 100 კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალს აგროვებს, ადგილზე არსებულ რეზერვუარებს კი მხოლოდ 1.3 მილიონი კუბური მეტრი წყლის შენახვა შეუძლიათ
REUTERS

​​​​​​იაპონიაში ფუკუშიმას ელექტროსადგური 24 აგვისტოს ამოქმედდა, რის გამოც ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტმა იაპონიიდან ზღვის პროდუქტის იმპორტი აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლოა, შეზღუდვები ზღვის მარილსა და ზღვის მცენარეებსაც შეეხოს.

ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიოაქტიური წყლის გაშვებაზე ტოკიოს გადაწყვეტილება ორ მეზობელ ქვეყანას შორის უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს.

ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი ნაბიჯი, უარი თქვან ზღვის პროდუქტის იმპორტზე იაპონიიდან, მოსალოდნელი რისკების შემცირებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, იაპონიის გეგმა 2011 წელს ცუნამის შედეგად დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის გასაგრილებლად გამოყენებული წყლის ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

სააგენტოს დასკვნით, წყლის გაშვებას გარემოზე "უმნიშვნელო" ზეგავლენა ექნება. IAEA-ს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ საკითხზე ორგანიზაციის ორწლიანი მუშაობის შედეგები 4 ივლისს იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის დროს გაავრცელა.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის შეწყვეტის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. რეაქტორის გასაგრილებლად გამოყენებული წყლის შესანახად განკუთვნილი რეზერვუარები კი თითქმის სრულად სავსეა, რის გამოც იაპონიის მთავრობამ სამრეწველო ჩამდინარე წყლების ოკეანეში ჩაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

რიხტერის სკალით 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მიწისძვრას ცუნამი და ნგრევა მოჰყვა, რამაც ფუკუშიმას სადგურზე რეაქტორების დაზიანება და რადიოაქტიური ნივთიერებებით მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია. კატასტროფის ზონიდან 150 000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

ფუკუშიმას დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება და დაბინძურებული გარემოს დასუფთავება იაპონიის მთავრობას ტრილიონობით იენი დაუჯდა და შესაძლოა პროცესი 40 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ფუკუშიმას აფეთქება ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ატომურ კატასტროფადაა მიჩნეული.

კომენტარები