ფოკუშიმა

იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყალს 24 აგვისტოს გაუშვებს

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური ყოველდღიურად 100 კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალს აგროვებს, ადგილზე არსებულ რეზერვუარებს კი მხოლოდ 1.3 მილიონი კუბური მეტრი წყლის შენახვა შეუძლიათ
REUTERS

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია დანგრეული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი რადიოაქტიური წყლის გამოშვებას 24 აგვისტოს დაიწყებს.

"მე ვთხოვე ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიას, რომ სწრაფად მოემზადოს წყლის ჩაშვებისთვის ბირთვული რეგულირების ორგანოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად და ვვარაუდობ, რომ წყლის გამოშვება დაიწყება 24 აგვისტოს, ამინდის პირობების გათვალისწინებით." - თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

წყლის პირველი პარტია, რომელიც დაახლოებით 7 800 კუბური მეტრი იქნება, ოკეანეში 17 დღის განმავბლობაში ჩაიღვრება. 

ჩასაღვრელი წყლის შემადგენლობაში 1 ლიტრზე დაახლოებით 190 ბეკერელი ტრიტიუმია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სასმელი წყლისთვის ლიმიტი ლიტრზე 10 000 ბერკელია. ბერკელი რადიოაქტიურობის საზომი ერთეულია.

გეგმას, რომელიც 2 წლის წინ დაამტკიცა იაპონიის მთავრობამ, სეული და პეკინი ეწინააღმდეგებიან. რეპუტაციის დაზიანების შიშით, გეგმას ადგილობრივი მეთევზეებიც აკრიტიკებენ.

რიხტერის სკალით 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მიწისძვრას ცუნამი და ნგრევა მოჰყვა, რამაც ფუკუშიმას სადგურზე რეაქტორების დაზიანება და რადიოაქტიური ნივთიერებებით მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვია. კატასტროფის ზონიდან 150 000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

ფუკუშიმას დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება და დაბინძურებული გარემოს დასუფთავება იაპონიის მთავრობას ტრილიონობით იენი დაუჯდა და შესაძლოა პროცესი 40 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ფუკუშიმას აფეთქება ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ატომურ კატასტროფადაა მიჩნეული.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თქმით, იაპონიის გეგმა 2011 წელს ცუნამის შედეგად დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის გასაგრილებლად გამოყენებული წყლის ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

სააგენტოს დასკვნით, წყლის გაშვებას გარემოზე "უმნიშვნელო" ზეგავლენა ექნება. IAEA-ს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ საკითხზე ორგანიზაციის ორწლიანი მუშაობის შედეგები 4 ივლისს იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის დროს გაავრცელა.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის შეწყვეტის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. რეაქტორის გასაგრილებლად გამოყენებული წყლის შესანახად განკუთვნილი რეზერვუარები კი თითქმის სრულად სავსეა, რის გამოც იაპონიის მთავრობამ სამრეწველო ჩამდინარე წყლების ოკეანეში ჩაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები