უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტ კატალინ ნოვაკსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა.
ორმა პრეზიდენტმა ზაკარპატიის რეგიონში ერთობლივი ინიციატივები და სასაზღვრო თანამშრომლობა განიხილა.
შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კოლეგასთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარეობა განიხილა.
ბოლო თვეების განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაძაბულია. 27 ივნისს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან ის დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებული გახდა, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.
პარალელურად, ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის.