რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება ორბანზე: მისი არგუმენტები უბრალოდ ბლა, ბლა, ბლაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის კომენტარს, რომ უკრაინა აღარ არის სუვერენული ქვეყანა და თქვა, რომ ის უაზრო არგუმენტების მოგერიებით დაიღალა. ამის შესახებ კულებამ Bild-თან და Politico-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"დავიღალე ყველა ამ უაზრო არგუმენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევით. ეს ყველაფერი უბრალოდ ბლა, ბლა, ბლაა." - თქვა მინისტრმა Bild-თან ორბანის ინტერვიუს საპასუხოდ.

კულებას თქმით, ის ორბანს პუტინის მოკავშირედ არ თვლის, თუმცა ორბანის პოლიტიკური ხედვა კრემლის ხედვებს ძალიან ჰგავს. 

"ვიმედოვნებ, რომ ის კვლავ ევროკავშირისა და NATO-ს მოკავშირეა." - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებას თქმით, ორბანის კომენტარი უკრაინის სუვერენულობაზე დამახინჯებული რეალობაა. მისი აზრით, ქვეყნის პრემიერმინისტრი ასეთ განცხადებებს უნგრეთის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.

"უნგრეთი სასოწარკვეთილად იბრძვის ევროკავშირის სახსრებისთვის, რათა შეინარჩუნოს მაკროფინანსური სტაბილურობა და ქვეყანაში არეულობის თავიდან აიცილოს." - თქვა კულებამ.


მანამდე, უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან ის დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებული გახდა, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში მხარს ვუჭერთ. შესაბამისად თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, იქნება მშვიდობა. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის არასწორად გაგებაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი". - თქვა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

პარალელურად, ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის.

"მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგის მომტანი პოზიციები და ქმედებები. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, უნგრელებისთვის ცუდია. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის". - თქვა ორბანმა.

კომენტარები