საქართველო-რუსეთი

ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება სურს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება სურს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გაგვიხსნის გზას საკავშირო სახელმწიფომდე და რესპუბლიკისთვის ახალ ჰორიზონტამდე". - თქვა გობოზოვმა.

მანვე დასძინა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ადრე თუ გვიან მიხვდება რა სარგებელს მოუტანს მინსკს ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარება.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა.

ბელარუსი ამ დრომდე არ ცნობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკო აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრები გამართა.

23 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებით დმიტრი მედვედევმაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრება და ამტკიცებს, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია".

მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრება

კომენტარები