რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი: ჩერნიგოვზე თავდასხმა რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაციაა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის განზრახ მიტანა ომის დანაშაულს წარმოადგენს.

"ეს რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაციაა. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას, რათა ეს დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩეს. - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საფრანგეთი მანამ არ შეწყვეტს რუსეთის ქმედებების დაგმობას, სანამ უკრაინის წინააღდმდეგ აგრესიული ომი გრძელდება. 


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 აგვისტოს ჩერნიგოვში მომხვდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინას "ხელშესახები" პასუხი ექნება "რუსი ტერორისტების" მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩერნიგოვში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის გოგო, სოფია.

"დაჭრილები და დაშავებულები - 144, მათ შორის 15 ბავშვი. რაკეტა ქალაქის ცენტრში. და ეს ყველაფერი მოხდა უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, მართლმადიდებლურ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისკაცები რუსეთს ამ ტერორისტულ აქტზე პასუხს გასცემენ, ხელშესახებ პასუხს". - თქვა ზელენსკიმ. 


19 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი დაბობმა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 148 დაშავდა. 

რუსეთმა ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრი მაშინ დაბომბა, როდესაც თეატრში თვითმფრინავების მწარმოებლებისა და საჰაერო დაზვერვის სასწავლო სკოლების შეკრება იმართებოდა. აფეთქება ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. 

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, ვალერი ბოროვიკმა თქვა, რომ დრამატული თეატრის მეორე სართული მთლიანად დაინგრა. თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული და, შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ადგილიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მონაწილეების ჩატარების ადგილი მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაუმხილეს. 

RIA Novosti-ის რუსმა პროპაგანდისტებმაც დაადასტურეს, რომ ღონისძიება რუსეთის ფედერაციის სამიზნე იყო. 

კომენტარები