რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი: მკაცრად ვგმობთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. 

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს, ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი". - დაწერა ბლინკენმა X-ზე (ყოფილი Twitter). 

სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკმაც გამოეხმაურა.

"ჩერნიგოვის ისტორიულ ცენტრზე თავდასხმის ამბებით შეძრწუნებული ვარ. უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც ტკბებოდნენ მშვენიერი შაბათით - დღესასწაული უკრაინაში - არასოდეს უნდა დასრულდეს მოკლული და დაჭრილი ადამიანებით. რუსეთის სარაკეტო და უპილოტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, პორტებსა და ხალხზე ასახავს იმ სიღრმეებს, რომლებშიც რუსეთი ჩაიძირა და უნდა შეჩერდეს. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად გლოვობთ ამ ტრაგედიას". - წერს ის.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 აგვისტოს ჩერნიგოვში მომხვდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინას "ხელშესახები" პასუხი ექნება "რუსი ტერორისტების" მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩერნიგოვში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის გოგო, სოფია.

"დაჭრილები და დაშავებულები - 144, მათ შორის 15 ბავშვი. რაკეტა ქალაქის ცენტრში. და ეს ყველაფერი მოხდა უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, მართლმადიდებლურ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისკაცები რუსეთს ამ ტერორისტულ აქტზე პასუხს გასცემენ, ხელშესახებ პასუხს". - თქვა ზელენსკიმ. 


19 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი დაბობმა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაშავდა. 

რუსეთმა ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრი მაშინ დაბომბა, როდესაც თეატრში თვითმფრინავების მწარმოებლებისა და საჰაერო დაზვერვის სასწავლო სკოლების შეკრება იმართებოდა. აფეთქება ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. 

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, ვალერი ბოროვიკმა თქვა, რომ დრამატული თეატრის მეორე სართული მთლიანად დაინგრა. თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული და, შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ადგილიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მონაწილეების ჩატარების ადგილი მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაუმხილეს. 

RIA Novosti-ის რუსმა პროპაგანდისტებმაც დაადასტურეს, რომ ღონისძიება რუსეთის ფედერაციის სამიზნე იყო. 

კომენტარები