რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ომი უკვე წააგო, მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს – ბაიდენი

ჯო ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთად ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 13 ივლისი
Antti Aimo-Koivisto/Lehtikuva/AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთმა ომი უკვე უკვე წააგო და მის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ ისაუბრა. სამიტი შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის პროვოკაციებისა და ჩრდილოეთ კორეის ატომური საფრთხის წინააღმდეგ მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

"რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია". - თქვა ბაიდენმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს.

"წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა. რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?" - თქვა ბაიდენმა. 

ამას გარდა, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა არ არის "მხოლოდ ევროპული პრობლემა". ბაიდენის თქმითვე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი შეჭრა ისტორიაში არ მომხდარა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე შეაქო იაპონიის ლიდერის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე და თქვა, რომ იაპონიამ "ძლიერი ლიდერობა გამოავლინა, მათ შორის, G7-ის დახმარებით და წვლილი შეიტანა უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, ასევე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაში".

"იაპონიის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან გადამწყვეტი როლი ითამაშა იმის გარკვევაში, რომ ომის შედეგები ევროპის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება". - თქვა ბაიდენმა.

კომენტარები