თბილისი

ახალი ბადე მოეწყობა, გზის ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილის ჩამოშლას ეხმაურება. მერიის განცხადებით, ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადე.

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. მოძრაობა ასევე შეიზღუდება 17 აგვისტოს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე.

17 აგვისტოს საღამოს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. გზატკეცილის რამდენიმე მონაკვეთზე ქვათაცვენა მოხდა წინა დღეებშიც.

კომენტარები