ქართული ფილმები

ფილმი "შაშვი შაშვი მაყვალი" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა

Directors Fortnight

ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა

2023 წელს ევროპული კინოაკადებიის დაჯილდოების რიგით 36-ე ცერემონია იმართება. 

ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოება სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი, რომელიც 19 მხატვრული ფილმისაგან შემდგარი სიის შერჩევას მოიაზრებს, დასრულებულია. 

უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის 4 600 წევრი შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას დაიწყებს. ხმების საფუძველზე სხვადასხვა კატეგორიაში შერჩეული ნომინანტები 7 ნოემბერს გამოცხადდებიან. 

გამარჯვებულები კი ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიაზე ბერლინში 2023 წლის 9 დეკემბერს გამოვლინდებიან.


შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე ნამუშევარია. ფილმი 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილეც გახდა.

"პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი თავისუფლება და ნამცხვრები. ის ჭორების გარეშე მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა დისტრიბუტორ კაცთან ცეცხლოვანმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა მისი გეგმები გაანადგუროს". – წერია ფილმის აღწერაში.

კომენტარები