შოვის სტიქია

გომელაური: დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში, არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ამოსაყვანი იყო და მათ დატოვეს. 

მინისტრმა მისივე გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ დღის შუქზევე შემოწმდა ტერიტორია და "ზევიდან არავინ არ ჩანდა, თუ ვინმე ან შველას ითხოვდა, ან რაღაც იყო". 

"რაც შეეხება გუშინდელ ჩემს განცხადებას, აჟიოტაჟი რომ ატყდა გუშინ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ. ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები. შეუძლია, თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ჩამოფრინდეს სხვადასხვა აეროპორტში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს. შეუძლია, ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები მაგალითად, რაც მოხდა აქ. ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით 6 საათისთვის. მე მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათმა, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები გააკეთა. 

ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე, შუაში მოხვდნენ, სადაც იყო დაახლოებით 70 კაცამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს, ამასთან ერთად მუშაობდა დაახლოებით 4-5 დრონი, თავისი სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენით შემოფრენას, ბევრად უკეთ ხედავს დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5-6 დრონი დაახლოებით, დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა პირობითად, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით?!

დღევე, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად. არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი ან ჩაფლული, საიდანაც შეიძლება ამოგვეყვანა. 

[...]თუ ადამიანი იყო დაშავებული, ან დამტვრეული, დაზიანებით და იყო შუაში ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, იქ შეიძლება კიდეც გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყო და ამ ადამიანის ამოყვანა განხორციელებულიყო. არ ჩანდა, რაც ჩამოვიდა მიწა, ზევიდან არავინ არ ჩანდა, ვინმე ან შველას ითხოვდა, ან რაღაც იყო, დღე იყო ჯერ, ღამე არ ყოფილა".- თქვა გომელაურმა . 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მანამდე თქვა, რომ, შოვში, სტიქიის ღამით ფერდობზე გადაყვანილი და იქ ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და ამიტომ, ვერტმფრენი აღარ გამოიყენეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შსს-ს ღამის ფრენის საშუალებები აქვს, თუმცა, "თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა", გარისკვა არ არის მიზანშეწონილი.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები