რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ოდესაზე ოკუპანტების თავდასხმისას 15 დრონი და 8 Kalibr-ის რაკეტა გაანადგურა

რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ოდესაში
Defence Forces Southern Ukraine/Reuters

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის თავდასხმა მოიგერია და მათი 15 უპილოტო თვითმფრინავი და 8 Kalibr-ის ტიპის რაკეტა გაანადგურა.

შავი ზღვის რეგიონის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის მოგერიებისას რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნამ ხანძარი, ხოლო აფეთქების ტალღამ შენობების ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია. სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

"ოდესის ცენტრისაკენ დამიზნებული რაკეტების განადგურების შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი, საცხოვრებელი კორპუსი და სუპერმარკეტი. აფეთქების ტალღამ რამდენიმე კორპუსს ფანჯრები ჩამოაგდო და იქვე გაჩერებული მანქანები დააზიანა". - განმარტავს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერი.

რუსეთი ოდესას, როგორც უკრაინის უდიდესი პორტსა და საზღვაო ბაზას, რაკეტებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით რამდენჯერმე დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოსკოვი გაეროს მხარდაჭერილი შეთანხმებიდან გავიდა, რომელიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვისთვის შესაბამის პირობებს ქმნიდა.

კომენტარები