სლოვენია

ლეიენი სლოვენიაში სტიქიის ზონებს ეწვია და მოსახლეობას ევროკავშირის დახმარებას დაპირდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი სლოვენიაში ჩავიდა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი წყალდიდობისგან დაზარალებულ ქვეყანას მის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას იგი თავის Twitter-ზე ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში იგი სლოვენიის პრემიერმინისტრს, რობორტ გოლობს შეხვდა. ლეიენის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა სამ კომპონენტიან პაკეტზე, რაც გულისხმობს დახმარებას როგორც დაუყოვნებლივ, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ლეიენის განმარტებით, ევროკავშირის სამაშველო ჯგუფები იქამდე დარჩებიან სლოვენიაში, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. ასევე, ლეიენის თქმით, სლოვენია ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისგან 100 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს, მომავალ წელს კი - €300 მილიონს.

სლოვენიაში წყალდიდობას, რომელსაც ბოლო წლებში "ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად" აფასებენ, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობისგან მიღებული ზიანი დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს. დაზიანდა გზები და ხიდები, ასევე დაიტბორა მრავალი შენობა. ასევე, ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები