სლოვენია

სლოვენიაში ახალი მთავრობა და პრემიერმინისტრი დაამტკიცეს

რობერტ გოლობი
Reuters

სლოვენიის პარლამენტმა ახალი მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა და პრემიერმინისტრი დაამტკიცა. კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში მწვანე-ლიბერალური პარტია მოძრაობა თავისუფლება, სოციალ-დემოკრატები და მემარცხენეები შედიან. პრემიერმინისტრის პოსტს კი მოძრაობა თავისუფლების ლიდერი, რობერტ გოლობი დაიკავებს.

ახალ მთავრობას, რომელშიც მინისტრების პოსტებს ზემოხსენებული სამი პარტიის შეთანხმებული წევრები იკავებენ, მხარი 90-წევრიანი პარლამენტის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გოლობის პარტიამ მოძრაობა თავისუფლება აპრილში გამართულ არჩევნებში, ექსპრემიერის, იანეზ იანშას სლოვენიის დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ შეძლო.

გოლობის თქმით, რომელიც სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელია, მის 17 მინისტრისგან შემდგარ მთავრობაში, გამოცდილი პოლიტიკოსები და ექსპრეტები შევლენ, რომლთაგანაც 7 ქალი იქნება.

"ჩვენ არ გვსურს მთავრობა, რომელსაც მშვიდობის 100 დღე დასჭირდება, რადგან ვიცით, რომ ეს არ გვექნება". - მიმართა გოლობმა პარლამენტს, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ახალი მთავრობის პრიორიტეტები ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემების გაუმჯობესება, პოლიციის დეპოლიტიზირება, მწვანე ენერგიაზე ფოკუსირება და მედიის თავისუფლების გაზრდა იქნება.

მთავრობის შემადგენლობაში ყოფილი პრემიერმინისტრი, მარიან შარეცი და ევროპარლამენტარი ტანია ფაიონიც შეცლენ, რომლებიც შესაბამისად, თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებს დაიკავებენ.

ფაიონის თქმით, მას ურჩევნია სლოვენიამ ურთიერთობები ევროკავშირის ისეთ ქვეყნებთან გააღრმავოს როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ნაცვლად ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ალიანსისა, რომელსაც ექსპრემირი იანშა ემხრობოდა.

კომენტარები