4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს სლოვენიაში, პატარა ქალაქ სევნიცასთან, სადაც აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი დაიბადა, მისი ხის ძეგლი დაწვეს.
ამის შესახებ ძეგლის დამკვეთმა, ამერიკელმა არტისტმა ბრედ დაუნიმ განაცხადა. მისი თქმით, დამწვარი ძეგლი მომდევნო დღეს აიღეს.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, ვინ დაწვა ქანდაკება. მიმდინარეობს გამოძიება. თეთრ სახლში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ქადნაკება ბრედ დაუნიმ ადგილობრივ არტისტს, ალეს ზუპევიჩს (ცნობილია, როგორც მაქსი) შეუკვეთა, რომელიც ფიგურებს ხერხით თლის. დაუნის მიერ გადაღებულ ფილმში მაქსი ყვება, რომ ის და მელანია ტრამპი ერთ წელსა და ერთ თვეს ერთ საავადმყოფოში დაიბადნენ, თუმცა მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებულად წარიმართა. მაქსმა იმედი გამოთქვა, რომ პირველი ლედი მის შემოქმედებას ნახავს და მოეწონება. ხის ქანდაკებას ისეთივე ცისფერი კაბა ჰქონდა, როგორიც მელანია ტრამპს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ეცვა.
ძეგლი გასული წლის ივლისში გამოჩნდა და ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ ქანდაკება სამარცხვინოა და Smurf-ების გმირს უფრო ჰგავს, ვიდრე მელანია ტრამპს.
სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანასთან ახლოს დონალდ ტრამპის ხის ქანდაკებაც დადგეს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაწვეს უცნობმა პირებმა.