სტიქია შოვში

ბლინკენი: სამძიმარს გამოვთქვამთ შოვში მომხდარზე – მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება. 

"შეერთებული შტატები სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დასახმარებლად".- წერს ბლინკენი საკუთარ ტვიტერ გვერდზე, 

შოვში, დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 15-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით არის აღძრული.

კომენტარები