15 წელი აგვისტოს ომიდან

პაპუაშვილი: პრეზიდენტმა არჩია, აჰყვეს ენმ-ს პოლიტიკას და არ მოვიდა ძმათა სასაფლაოზე

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "მანიპულაცია" სწორი არ არის. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი ენმ-ს პოლიტიკას აჰყვა და ძმათა სასაფლაოზე სწორედ ამიტომ არ მოვიდა. 

"მანიპულაცია თარიღებით არის, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი. ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად მანამ სანამ ენმ იყო ხელისუფლებაში  და სანამ ხელისუფლების ყველა შტო არ დაკარგეს 2013 წელს, ყველა  8 აგვისტოს ოჯახებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულთა ხსოვნას. 

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სახელისუფლო შტო და ბერკეტი დაკარგეს [ენმ] მათ გადაწყვიტეს, რატომღაც, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე.

ეს გასაგებიც არის. ამის პასუხი ძალიან მარტივია, ამის პასუხი არის თავად ნაციონალური მოძრაობის არსსა და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა საზოგადოებაში, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია აყვეს ნაციონალური მოძრაობის ამ პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე".- თქვა პაპუაშვილმა.


საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

8 აგვისტოს დადგომისთანავე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ 2008 წლის ომის დაწყებიდან 15 წელი შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ომი არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

"დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის". - წერს ღარიბაშვილი პოსტში.

გარდა საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრისა, ყველა სამინისტრომ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასევე მითითებულია, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 8 აგვისტოს დაიწყო.

2008 წლის ომის შესახებ მითებს შორის ერთ-ერთი სწორედ ომის დაწყების თარიღს უკავშირდება. მითის მიხედვით, 2008 წლის ომი 8 აგვისტოს დაიწყო. ქართული ოცნება კი, რუსეთის მსგავსად, ომის წლისთავად 8 აგვისტოს მიიჩნევს და ღონისძიებებსაც სწორედ ამ დღეს მართავს.

 

კომენტარები