15 წელი აგვისტოს ომიდან

საქართველოს მთავრობა და რუსეთი ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

8 აგვისტოს დადგომისთანავე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ 2008 წლის ომის დაწყებიდან 15 წელი შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ომი არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

"დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის". - წერს ღარიბაშვილი პოსტში.

გარდა საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისტრისა, ყველა სამინისტრომ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასევე მითითებულია, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 8 აგვისტოს დაიწყო.

2008 წლის ომის შესახებ მითებს შორის ერთ-ერთი სწორედ ომის დაწყების თარიღს უკავშირდება. მითის მიხედვით, 2008 წლის ომი 8 აგვისტოს დაიწყო. ქართული ოცნება კი, რუსეთის მსგავსად, ომის წლისთავად 8 აგვისტოს მიიჩნევს და ღონისძიებებსაც სწორედ ამ დღეს მართავს.

კომენტარები