ვლადიმირ პუტინი

პუტინი მაღალჩინოსნებს რუსული წარმოების მანქანებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუს მაღალჩინოსნებს ადგილობრივი წარმოების ავტომობილებით გადაადგილებისაკენ მოუწოდა.

"მინისტრებმა, სააგენტოებმა და საქმეთა ადმინისტრაციამ მოითხოვეს [უცხოური შესყიდვების] გაგრძელება, ფაქტობრივად, უცხოური წარმოების მანქანების დომინირება და ამ პრაქტიკის გაგრძელება. მე ვამბობ, რომ ეს მიდგომა აბსოლუტურად უარყოფილი უნდა იყოს და ქვეყნის ყველა თანამდებობის პირმა საშინაო წარმოების მანქანები უნდა მართოს" - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის საავტომობილო ბაზარი ბოლო წლებში სანქციების და საერთაშორისო კომპანიების გასვლის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. მსხვილმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Volkswagen, Mercedes-Benz და Nissan, შეაჩერეს მუშაობა უკრაინასთან ომის გამო.

”ჩვენმა თანამდებობის პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, განვავითაროთ ავტომობილების საშინაო ბრენდები და სხვა შიდა პროდუქტები”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები