სტიქია რაჭაში

ონის მერი: შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაწყებულია

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის ცნობით, კურორტ შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა და ადგილიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. მერი ფიქრობს, რომ მაშველები ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას დაღამებამდე მოახერხებენ.

"სავარაუდოდ, მდინარის დაგუბება მაღალ მთებში მოხდა, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია მასშტაბურია. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვაა. ვერტმფრენი უკვე ადგილზე იმყოფება და მოქალაქეების ევაკუაცია დაწყებულია. ჩემი აზრით, ამ პირობებში, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანას დაბნელებამდე მოვასწრებთ. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა, რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოქალაქეების დაბინავება ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში მოხდება". - ამბობს ონის მერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები