სტიქია რაჭაში

"შოვში მეწყერმა ხიდი წაიღო, დაშავებულებზე ინფორმაცია არ მაქვს" – ონის მერი

კადრები ვიდეოდან / პირველი არხი

რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით კომენტარი ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა გააკეთა. მერის თქმით, მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ. ხიდეშელი ამბობს, რომ ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

"მეწყრული პროცესი განვითარდა, მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. მეც სამაშველო სამსახურთან ერთად ვიმყოფები და მათთან ერთად ფეხით მივემართები ადგილზე. მისვლა ფიზიკურად ცოტა რთულია, რადგან ის ხიდი არის წაღებული, რაც ტერიტორიაზე იყო და რითიც მოქალაქეები გადადიოდნენ. ასევე, წუთი-წუთზე შემთხვევის ადგილზე იქნება სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც. დაშავებულებს რაც შეეხება, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან, ამ ეტაპზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ". - თქვა ონის მერმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ადგილზე მაშველებს ელოდებიან მოქალაქეები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში არიან ჩარჩენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ვერტფრენები და მაშველები მიემართებიან, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები