რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი ადასტურებს, რომ ბელარუსულმა ვერტმფრენებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ორმა ბელარუსულმა ვეტრმფრენმა დაარღვია

სამინისტროს განმარტებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ვერტმფრენებმა წვრთნების დროს, რომელიც საზღვართან ახლოს იმართებოდა. 

"სასაზღვრო გადაკვეთა მოხდა ქალაქ ბელოვეჟასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც გაართულა რადარის სისტემებით მისი აღმოჩენა. შესაბამისად, დღეს დილით პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა". - განმარტავენ დეპარტამენტში.

მომხდარის საპასუხოდ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვარზე სამხედროების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და საბრძოლო თვითმფრინავების განლაგების ბრძანება გასცა.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთმა მომხდარის შესახებ NATO-საც შეატყობინა და ქვეყანაში ბელარუსის დროებით რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.


29 ივლისს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ვაგნერის მებრძოლების 100-კაციანი ჯგუფი ბელარუსის ქალაქ გროდნოში გადავიდა, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. მორავიეცკიმ ვითარება "მზარდად სახიფათოდ" შეაფასა. 

ლუკაშენკომ თავდაპირველად ცნობები უარყო, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრესტსა და გროდნოში ვაგნერელები გადავიდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბელარუსული ბრიგადებისთვის თავიანთი სამხედრო გამოცდილება გადაეცათ.

მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას შეუძლიათ ერთობლივად გადაწყვიტონ ბელარუსთან საზღვრების დაკეტვა, თუ ვაგნერის საზღვართან განლაგებულ მებრძოლებთან სერიოზული ინციდენტები მოხდება.

ასევე, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ მას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირევებული მებრძოლები "მოსვენებას არ აძლევენ", რადგან პოლონეთზე თავდასხმა სურთ. ამის შესახებ ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრი დროს ისაუბრა.

ექსკურსია ვარშავასა და ჟეშუვში – ლუკაშენკოს თქმით, ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა უნდათ

გასულ კვირებში ბელარუსის შეიარაღებული ძალები წვრთნებს ვაგნერელებთან ერთად გადიოდნენ. ერთ-ერთი ვარჯიში პოლონეთის საზღვრის მახლობლად მყოფ ბრესტის პოლიგონზეც კი ჩატარდა.

კსკ ვაგნერის ჯგუფი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი აჯანყება დაასრულა და ლუკაშენკოს შუამავლობით პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ ბელარუსის არმიას მსოფლიოში მეორე არმიად აქცევდნენ.

კომენტარები