რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვია უკრაინული მარცვლეულის თავისი პორტების გავლით ექსპორტს განიხილავს

ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრის დიდზის შმიტსის თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ სცენარად ქვეყნები ლატვიის პორტებს განიხილავენ. ამის შესახებ მინისტრმა ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან შეხვედრისას ისაუბრა

შმიტსის განმარტებით, ბალტიის დერეფნის გავლით ექსპორტი მარტივი არ იქნება და მარცვლეულის ლატვიაში ჩატანა ლოჯისტიკურ პროცესებს გაართულებს, თუმცა, მარცვლეულის ამ გზით ექსპორტი შეუძლებელი არ არის.

შმიტსის თქმით, ბალტიის პორტებიდან ექსპორტი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც მარცვლეულს უკრაინიდან ჩამოიტანენ, ვინაიდან მთავარი სირთულე სწორედ სარკინიგზო ლიანდაგის განსხვავებული სიგანეა, რის გამოც ჩატანის პროცესი შესაძლოა გაიწელოს და გართულდეს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვითვალოთ. გასაგებია, რომ რთული და ძვირი იქნება, მაგრამ თუ სხვა გამოსავალს ვერ ვიპოვით, ეს გამოსავალი ბალტიის ქვეყნების დერეფანი იქნება". - განმარტა მინისტრმა.

18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები