რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრემი მედვედევს: უკრაინაზე ბირთვული იარაღით თავდასხმა იქნება თავდასხმა NATO-ზე

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს დმიტრი მედვედევს განცხადებაზე გამოეხმაურა, სადაც იგი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა. გრემის თქმით, უკრაინაზე ბირთვული იარაღით თავდასხმა იქნება თავდასხმა NATO-ზე.

"ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობენ: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა NATO-ზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრ ქვეყნებს ესაზღვრება". - აღნიშნავს გრემი. 

მანამდე, თეთრმა სახლმა მედვედევის კომენტარს "უგუნური და უპასუხისმგებლო" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება. 

29 ივლისს დმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა, რომ უკრაინის კონტრშეტევის საპასუხოდ, რუსეთს შესაბამისი ზომების მიღება და ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა. 

"თუ დავუშვებთ, რომ უკრობანდერელებმა კონტრშეტევით წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი ტერიტორიის ნაწილი მიითვიეს, მაშინ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის 02.06-ის ბრძანებულების წესების მიხედვით მოქმედება მოგვიწევს. ბირთვული იარაღით. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს". - წერს მედვედევი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვმა ბირთვული იარაღის გამოყენებით სპეკულირებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, დასავლელი ლიდერები ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან.

25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

კომენტარები