საქართველო-რუსეთი

დროა: ბათუმში დაკავებისას ჩვენ წევრს პოლიციამ სცემა, დაზიანებები აქვს სახეზე, ფეხებზე

დროა

პარტია დროას განცხადებით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიცია პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

"ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ დროას წევრს დაკავებისას სცემა". – ნათქვამია დროას განცხადებაში.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.


აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები