საქართველო-რუსეთი

დარჩიაშვილი პორტში აქციაზე: პროვოკაციაა იმისთვის, რომ ტურიზმი არ განვითარდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბათუმის პორტში გამართულ აქციას ეხმაურება. დარჩიაშვილმა პროტესტი საქართველოში ტურიზმის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. 

"გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის. ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია იმისთვის, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და დესტრუქცია მოხდეს [...] საქართველო ყველა საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაშია. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი შემოსულიყოს". - თქვა დარჩიაშვილმა.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები