რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე იერიში მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო / უკრაინსკაია პრავდა 

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

"კრივოი როგი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტით დაარტყეს.

ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. მუშაობენ მაშველები და პოლიცია.

მეორე რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსის მე-4-დან მე-9 სართულამდე არსებული მონაკვეთი. გაჩნდა ხანძარი. 10:15 საათის მდგომარეობით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 10-მა მაცხოვრებელმა კი სამედიცინო დახმარებას მიმართა". - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, იგორ კლიმენკო ტელეგრამ-არხზე.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამ დროისთვის მაშველები ხანძრის ჩაქრობასა და ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდას ცდილობენ. 

ამასთან, მოგვიანებით, კლიმენკომ აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა.

მან ასევე დაამატა, რომ ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 5-7 ადამიანი იყო მოყოლილი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა, რომელიც თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 29 ადამიანამდე გაიზარდა, რომელთა შორის 3 ბავშვი იყო. 

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსებმა იერიში, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 31 ივლისს დილით რუსებმა კრივოი როგი და ხერსონი დაბომბეს.

"[რუსებმა] დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს, უნივერსიტეტის სასწავლო შენობას. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც რუსული ტერორის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა". - თქვა ზელენსკიმ პირდაპირ ჩართვაში. 

31 ივლისს, დილით რუსეთის ჯარებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო კიდევ 4 მოქალაქე დაშავდა. ამასთან, გარდაცვლილი და დაჭრილები ხერსონის საკრებულოს კომუნალური კომპანიის თანამშრომლები არიან.

კომენტარები