საქართველო-რუსეთი

მაჭარაშვილი ბათუმის პორტში აქციაზე: პროვოკაციას ემსახურება, რაც არ გამოუვათ

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ბათუმის პორტში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მაჭარაშვილმა მოქალაქეების პროტესტი პროვოკაციად შეაფასა.

"ვინც შემოდის მანქანით, თვითმფრინავითა და გემით, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, განსხვავება რა არის, ეს უნდა ახსნან. იმიტომ, რომ როდესაც შენ მიზეზზე ხარ, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს მარტივად გასაშიფრია. როდესაც შენ პრობლემა არ გაქვს და არც გქონია იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, პრობლემა რატომ გახდა გემით ან თვითმფრინავით შემოსვლა? ეს გაუგებარი არ არის. ეს გასაგებია, იმიტომ, რომ ეს პროვოკაციას ემსახურება, რაც არ გამოუვათ". - თქვა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები