საქართველო-რუსეთი

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა

ფოტო: ბათუმელები

31 ივლისის დილის საათებში ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, "აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას".

შსს-მ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები