საქართველო-რუსეთი

ბათუმის პორტთან რუსი ტურისტების საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

გამოცემა ბათუმელები

ბათუმის პორტთან რუსი ტურისტების საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ტაბულას ამ ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაზუსტებას ცდილობს.

საპროტესტო აქცია დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო. მანამდე, პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა. აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის იყო დაპირისპირება.

ბათუმის პორტში რუსი ტურისტების საკრუიზო გემი Astoria Grande დაახლოებით 06:00 საათზე შევა. აქტივისტები აპირებენ, რომ საკრუიზო გემს დახვდნენ და მისი ბათუმში შესვლა გააპროტესტონ.


28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 31 ივლისს რუსი ტურისტების საკრუიზო გემი ბათუმში გაჩერდება. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე წარდგებიან. 

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ მარათონში "Zа Россию", რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის ხელისუფლებამ მას სანქციები დაუწესა. ვებგვერდზე ომი და სანქციები წერია, რომ მან "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები