რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, იგი არ გამორიცხავს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
პუტინის განმარტებით, აფრიკული და ჩინური ინიციატივები შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.
ასევე, პუტინის მტკიცებით, რთულია ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.
აქამდე უკრაინამ და რუსეთმა განმარტეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევის ცნობით, ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მაგრამ, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.
პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის ფრონტზე მოქმედებების გააქტიურება ჯერჯერობით არ იგეგმება.
ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა ისიც, რომ ივლისის დასაწყისში ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ, მოსკოვმა რამდენიმე "პრევენციული დარტყმა" განახორციელა.
ხიდზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, პუტინმა პირობა დადო, რომ იგი უკრაინის "ტერორისტულ" ქმედებას შესაბამისად უპასუხებს.





